ფაქტების ქრონოლოგია ასახულია მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ტალიავინის დასკვნაში, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს მაშინდელმა რეჟიმმა გახსნა არტილერიული ცეცხლი ცხინვალზე და ამას მეორე დღეს საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა მოჰყვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა თეორიულად რომ „ქართულმა ოცნებამ“ შტურმი მიიტანოს ცხინვალზე ან სოხუმზე, ხვალ ომი დაიწყება.
„ფაქტების ქრონოლოგია ასახულია მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ტალიავინის დასკვნაში, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს მაშინდელმა რეჟიმმა გახსნა არტილერიული ცეცხლი ცხინვალზე და ამას მეორე დღეს საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა მოჰყვა… თეორიულად ჩვენ რომ მივიტანოთ შტურმი ცხინვალზე ან სოხუმზე ხვალ, ომი დაიწყება“, – აღნიშნა კობახიძემ.
ჟურნალისტის განმარტებაზე, რომ ქართულმა მხარემ რუსულ არმიას მაშინ უპასუხა, როცა ქართულ ჯარს უკვე ესროდნენ, კობახიძემ უპასუხა, რომ „არა, ასე არ იყო, ტყუილებს ამბობთ“.
კობახიძის განმარტებით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებდა, რომ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე იღებდნენ, შესული იყვნენ ცხინვალში და მიიწევდნენ როკის გვირაბისკენ, ეს თავდაცვითი ოპერაცია არ იყო.
„რაც არის სიმართლე, ეს ევროსაბჭოს რეზოლუციაშია ასახული. იყო ესკალაცია, მაგრამ ეს ესკალაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში მას შემდეგ, რაც მაშინდელმა რეჟიმმა გაუფრთხილებლად მიიტანა შტურმი ცხინვალზე. როდესაც გათენდა 2008 წლის 8 აგვისტო, მაშინდელი რეჟიმი დილიდან სიამაყით გვიცხადებდა, რომ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე იღებდნენ, მიიწევდნენ წინ, შესული იყვნენ ცხინვალში, მიიწევდნენ როკის გვირაბისკენ. ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია. ისინი პირდაპირ გვიცხადებდნენ, რომ ისინი კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ახორციელებდნენ და ამისთვის შეტევით მოქმედებებს ახორციელებდნენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ არა თავდაცვით ომს, მაშინ რას შეეწირნენ გმირები აგვისტოს ომში, კობახიძემ უპასუხა, რომ „ეს ადამიანები შეეწირნენ სამშობლოს და მის ეროვნულ ინტერესებს“.
„ნაცობა“ ძალიან მძიმე სენია. ფაქტია, რომ თქვენმა პარტიამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას და თქვენ პარტიასთან ერთად მთელმა ევროპამ მოაწერა ამას ხელი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო. ეს არის ფაქტი – დანარჩენი არის „ნაცობა“. გმირები შეეწირნენ სამშობლოს. ჩვენ ხვალ ღალატი რომ ჩავიდინოთ, ავანტიურაზე რომ წავიდეთ და გარე დავალებას ხელი მოვაწეროთ, რა თქმა უნდა, სამხედროები ომში ჩაერთვებიან და სამშობლოს შეეწირებიან, მაგრამ ეს ჩვენს ღალატს არ გაამართლებს. იგივე გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა. სამხედრო როცა ბრძანებას ასრულებს, ის სამშობლოს ეწირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებაზე, რომ „აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის აღიარების ფონზე შესაძლოა წინ წავიდეს“, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ისინი აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ და ამაზე საუბარი ვერ იქნება.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ არც ე.წ დამოუკიდებლობას აფხაზეთის და არც ცხინვალის, და შესაბამისად, ამაზე საუბარი ვერ იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.