ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრები ცალკეული პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება. კონსულტაციებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჟულიენ კრამპი უძღვება.
საელჩოში უკვე გაიმართა რამდენიმე აუდიენცია, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
როგორც ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საუბარი ეხებოდა იმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა შარლ მიშელის დოკუმენტის დამრღვევთა მიმართ. მისივე თქმით, დასავლეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეთანხმება მათთვის ძალაშია.
„ეს შეხვედრა სწორედ იმ ფორმატშია, რა განცხადებაც იყო ევროკავშირის მხრიდან, რომ მოუსმენდნენ ყველა მხარეს. მე პირდაპირ და ღიად გეტყვით, რომ დასავლეთი ჩვენს პოზიციას სრულად იზიარებს და აქ საუბარია იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა. მე ვამბობ, რომ არ შეიძლება დაისაჯოს ქართველი ხალხი. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც „ქართული ოცნებიდან“ უშუალოდ მიიღო გადაწყვეტილება შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.
მე წინააღმდეგი ვარ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის, მაგრამ მომხრე ვარ პირადი სანქციების იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასე არღვევენ ევროპულ შეთანხმებას.
გვექნება ინტენსიური კონტაქტი. ეს არის პირველი შეხვედრა.
პირველი ეტაპი უნდა იყოს მკაცრი, მკაფიო გადაწყვეტილებები და მეორე ეტაპი უნდა იყოს მკაფიო ქმედებები. დასავლეთმა მკაფიოდ გაგვიმეორა, რომ შეთანხმება მათთვის ძალაშია,“- განაცხადა ვაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში ამ წუთებში „ლელო საქართველოსა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და გიგა ბოკერია იმყოფებიან.