“ჩიპ თრეველის“ დამფუძნებელი ლევან ჭანჭალეიშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს ეხმაურება.
ლევან ჭანჭალეიშვილი იმ სარგებლის შესახებ საუბრობს, რომელსაც ქუთაისელი სტუდენტები უვიზო მიმოსვლის შედეგად იღებენ.
“გერმანიაში ყოველწლიურად 6-7 ათასი სტუდენტი დადის სამუშაოდ ქუთაისიდან. 3 თვე მუშაობენ და შემდეგ ამ ფულით თან სწავლის ფულს იხდიან, თან ცხოვრობენ და გულაობენ აქ.
როგორ წარმოუდგენიათ ამ სტუდენტებს ნეტავ შემდეგი წლები – ვიზის აღება და ისე წასვლა? მოუწევთ დეილში და მაგნიტში დღე-ღამეში 50 ლარად მუშაობა”, – აცხადებს ჭანჭალეიშვილი.
“ქართულმა ოცნებამ” 14 ივნისს ბრიუსელიდან წერილი მიიღო, სადაც გასული წლის ბოლოს გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე განახლებული ინფორმაციაა მოთხოვნილი. კომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ინფორმაციას 31 აგვისტომდე ელის და ასევე ელის კონკრეტულ ნაბიჯებს შესაბამისი საკითხების მოსაგვარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში განიხილება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება.