ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების 122-ე შეხვედრა.
დღის წესრიგის მთავარი თემები ისევ უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება და ე.წ. საზღვრის მოწყობის პროცესის შეწყვეტაა.
შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერგნეთის წინა შეხვედრის შემდეგ, 12 სექტემბრიდან საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულია უკანონოდ დაკავების 6 შემთხვევა და ე.წ. ბორდერიზაციის 5 ფაქტი ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფლების დვანის და კოდის მიმართულებით. ანთაძის ინფორმაციით, ამ რაიონში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შეაკეთეს უკანონოდ ადრე გავლებული მავთულხლართები და რამდენიმე მეტალის ბოძი აღმართეს.
19 ნოემბრის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაშია საოკუპაციო ხაზთან სხვადასხვა დროს დაკავებული 9 მოქალაქე.
„დღევანდელი შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენს უკანონო პატიმრობიდან ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება, ვინაიდან ყოველგვარ ლოგიკურ მიჯნას გადასცილდა დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე, ხანგრძლივ უკანონო პატიმრობაში ადამიანების ყოლა“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ერგნეთში შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადენელ ირაკლი ანთაძეს ჰკითხეს რუსეთის ბოლოდროინდელ განცხადებებზე, რომლებიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციას იმ ფონზე, როცა თბილისიდან მოდის „შემრიგებლური სიგნალები”.
ანთაძემ უპასუხა, რომ დელიმიტაცია-დემარკაციაზე „საუბრები ყოველთვის იყო აქტიური” და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასაც პოზიცია არაერთხელ გამოუთქვამს: „საქართველოს სახელმწიფოს აქვს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი და თუ ოდესმე დადგება რომელიმე მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, ეს აუცილებლად დადგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”.
საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის ეს მონაკვეთი რუსეთის ფედერაციასთან გადის.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები. დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის და რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები.
2009 წელს, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში გადაწყდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) შექმნა.