დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ ქვეყანაში ექიმების დეფიციტი არ არის.
როგორც გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ექიმების რაოდენობა 31 ათასამდეა და დაახლოებით 19 ათასი ექთანია.
„31 ათასია, ვისაც საექიმო განათლება აქვს და შეიძლება გამოყენებულ იყვნენ პანდემიური პროცესის დროს. მაგთან ზოგიერთი არ მუშაობს, ზოგი – პენსიაშია. თუ სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი კოვიდის შესახებ წაიკითხავს, ორ დღეში ძირითადი პრინციპები კარგად ეცოდინება. დაიწყო სამედიცინო უნივერსიტეტების მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტების გადამზადება. 1600-მდე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, ამიტომ სტუდენტებს თავისუფლად შეუძლიათ კოვიდცენტრებში იმუშაონ, იმუშაონ ექიმებისა და ექთნების ასისტენტებად და ამ ბრძოლაში ჩვენს სამედიცინო საზოგადოებას მიეხმარნონ. ისინი ამ ინიციატივას ენთუზიაზმით შეხვდნენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.










