უკრაინულმა არმიამ 3 500-ზე მეტი რუსი სამხედრო გაანეიტრალა და თითქმის 200 ტყვედ აიყვანა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, УНІАН ავრცელებს.
გვიან ღამით უკრაინის სახმელეთო ძალებმა კიევზე მიტანილი მტრის შეტევა მოიგერია. ამასთან მთელი ღამის განმავლობაში ორმხრივი სროლები და აფეთქებები ისმოდა კიევის სხვადასხვა რაიონებში: სოლომენკაზე, შულიავკას მიდამოებში და ზოოპარკთან. დაძაბული სიტუაციაა კიევის შემოგარენში, აეროდრომზე, სამხედრო ნაწილისა და რკინიგზის სადგურზე.
აგრესორი სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებას ცდილობს. კიევი თავდაცვის ფაზაშია. მოსახლეობა თავს მეტროსადგურებს, სარდაფებს და ავტოსადგომებს აფარებს. დედაქალაქში ასევე შეჩერებულია რამდენიმე მეტროსადგურიც.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ დღეს დილით უკრაინულმა არმიამ ქალაქ ხერსონზე კონტროლი სრულიად დაიბრუნა.