თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც ბრალი დაუმძიმდათ.
მოსამართლე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. პროცესი დახურულია, რადგან საქმეში არასრულწლოვანები ფიგურირებენ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები გიგა ავალიანის საქმის გარდა ძალადობის სხვა რამდენიმე ეპიზოდშიც მონაწილეობდნენ. ბრალდებულები ირჩევდნენ მათთვის მიუღებელ პირებს, მათ სხვისი სახელით წერდნენ და შეხვედრაზე იბარებდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის თქმით, სამ არასრულწლოვან ბრალდებულს ახალი კვალიფიკაცია – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა დაემატათ.
“სამ არასრულწლოვან ბრალდებულს, ბრალდება წარედგინა ახალ ეპიზოდებთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ პირის შესახებ ბრალდების დადგენილებაში დაემატათ ახალი კვალიფიკაცია – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. ბრალდების მხარე, მათ გარდა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, რაც გამოიხატა სხვადასხვა ძალადობრივ ეპიზოდებში. დადგენილი და იდენტიფიცირებულია ჩვენს მიერ ძალადობის არაერთი ეპიზოდი. ამასთან დაკავშირებით მოპოვებულია არაერთი ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომელიც გუშინ გავრცელდა უწყების მიერ. თუმცა, ამ ვიდეოების გარდა, თითოეულ ეპიზოდს ჰყავს ათეულობით მოწმე. შესაბამისად, ისინი იძლევიან ჩვენებას და აძლევენ ჩვენებებს ამ ბრალდებულების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მოპოვებულია ჰაბიტო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, რაც ნიშნავს ხმისა და გამოსახულების ექსპერტიზებს, რიტაც უტყუარად დადგინდა, რომ აღნიშნული ბრალდებულები ძალადობების ეპიზოდებში მონაწილეობდნენ. გამოძიება გრძელდება, შესაძლებელია გამოძიების პროცესში კიდევ გამოიკვეთოს ძალადობების ახალი ეპიზოდები, დადგინდეს ახალ მსხვერპლთა ვინაობა და შესაბამისად, მოწმეთა ბაზაც გაიზარდოს. აღნიშნული მტკიცებულებების სრულად შესწავლის შედეგად, შესაძლებელია მოხდეს, როგორც ახალი ბრალეული პირების გამოკვეთა, ასევე ახალი ეპიზოდების დაიდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.










