გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია და ოპოზიციური ალიანსი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ასევე ქრისტიან-სოციალური კავშირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 23 თებერვალს ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციაში აცხადებენ, რომ ოლაფ შოლცი ბუნდესტაგს მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრის 16 დეკემბერს გამართვას სთხოვს.
არჩევნების დანიშვნის საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უნდა მიიღოს.
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.