დღეიდან, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე საშეღავათო პერიოდი გაუქმდა.
რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდარღვევის შემთხვევაში გამოწერილი ფულადი ჯარიმების გადახდა 30 კალენდარულ დღეში უნდა მოხდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული, ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა.
ამასთანავე, შენარჩუნდება მოქალაქეთა მომსახურების დისტანციური მომსახურება, რომლითაც მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ საპატრულო პოლიციაში არსებული სერვისებით სარგებლობას, ტელეფონის ნომერზე – 2414242 ან ელექტრონული ვებგვერდის – www.police.ge-ის მეშვეობით.“ – ნათქვამის განცხადებაში.
საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების ოდენობაზე „ფლანგვის დეტექტორი“ სტატისტიკურ ინფორმაციას აქვეყნებს:
„21 მარტიდან 22 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევისთვის, 7,444 ფიზიკური და 18 იურიდიული პირი დაჯარიმდა.
საგანგებო მდგომარეობის დროს ჯარიმების სახით გამოწერილმა თანხამ 22,590,000 ლარი შეადგინა.“ – აღნიშნულია განცხადებაში.