22 იანვარი წარმოშობით ქართველი ამერიკელი ბალეტმაისტერის, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელის, მელიტონ ბალანჩივაძის შვილის ჯორჯ ბალანჩინის დაბადების დღეა. ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე) დაიბადა 1904 წლის 22 იანვარს ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში, პეტერბურგში. 1914-1921 წლებში გიორგი სწავლობდა პეტერბურგის მარიას თეატრთან არსებულ თეატრალურ სასწავლებელში. 1921-1923 წლებში იგი მონაწილეობდა მცირე სოპერო თეატრის სპექტაკლებში.1924 წელს გიორგი ბალანჩივაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა საცხოვრებლად. ბალანჩინი მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. ჯორჯ ბალანჩინს დადგმული აქვს ასზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს–აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. . თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს. მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია. მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპია მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით მუსიკა გახადოს ხილვადი. ბალანჩინის ხელოვნებამ ხელი შეუწყო ქორეოგრაფიის ახალ მიმართულებების ფორმირებას. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა. მისივე სიტყვებია:”„ჩემს ბალეტში წამყვანი არის ქალი, მამაკაცი კი მხოლოდ მისი თანმხლები საპატიო სტუმარია, რადგან ღმერთმა მამაკაცები შექმნა იმისთვის, რომ განადიდონ ქალები“. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ქუთაისში მე-4 წელია არსებობს ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი.