თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას ბრალს რამდენიმე წუთში წაუყენებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, დაკავებული 18 წლის არის.
მისივე თქმით, მოკლული გიორგი ახალაია და დაკავებული ერთმანეთს არ იცნობდნენ.
„ახლა მივდივარ წინასწარი დაკავების იზოლატორში და შევაკითხავ. კომუნიკაცია მქონდა მისი ოჯახის წევრებთან. ისინი ძალიან განიცდიან მომხდარ ფაქტს, სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს. საკმაოდ დიდი ტრაგედიაა. ბიჭები, თითქმის თანატოლები არიან. ბრალდებული სპორტსმენია. დაკავებული არის 18 წლის. სრულწლოვანია და აბიტურიენტია. ერთმანეთს არ იცნობდნენ. რაც გადმოცემით ვიცი, ბარში შესვლას უკავშირდება კონფლიქტი. ოჯახმაც ის იცის, რაც ტელევიზორიდან გაიგეს.
დაკავებული მხოლოდ გიორგია. მას ბრალს რამდენიმე წუთში იზოლატორში გააცნობენ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.