სახალხო დამცველი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას სისტემური და ეფექტური ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის, მათი გაძლიერების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
ლევან იოსელიანის შეფასებით, ქალთა შრომითი უფლებების სრულფასოვანი რეალიზება, მათი ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი ჩართულობა და შრომის თანაბარი ანაზღაურება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ომბუდსმენის თანახმად, 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, ვლინდება შემთხვევები, როდესაც შესაძლო ძალადობაზე სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობი ან მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.
„8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება და დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში გააძლიერა სამართლებრივი ჩარჩო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით, დაინერგა დაცვისა და მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმი, გაძლიერდა მსხვერპლთა დაცვის სერვისები და გაიზარდა შესაბამისი უწყებების კოორდინაცია. აღნიშნულმა რეფორმებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ძალადობის შემთხვევების გამოვლენაზე, პრევენციასა და ეფექტიან რეაგირებაზე. ამასთანავე, კვლავ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის შემდგომი გაძლიერება. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. კვლავ ვლინდება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ქალების შრომითი უფლებების სრულფასოვანი რეალიზება, მათი ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი ჩართულობა და შრომის თანაბარი ანაზღაურება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას სისტემური და ეფექტური ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის, მათი გაძლიერების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და გამოთქვამს მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან თანასწორობის მიღწევის პროცესებში“,-აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.










