2022 წლის 1 იანვრიდან მოსახლეობის დიდი ნაწილს, ვინც 300 კილოვატ საათამდე დენს მოიხმარდა, ელექტროენერგიის გადასახადი ეზრდება. საუბარია მოსახლეობის 95 პროცენტზე, 1,6 მილიონ ოჯახზე – გასული წლის ოფიციალური მონაცემებით, სწორედ ამდენი ოჯახი მოიხმარდა ამ მოცულობის ელ.ენერგიას.
ტარიფები, ოფიციალურად, 2022 წლის 1 იანვრიდან არ გაზრდილა. ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ დენის გაძვირების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მიიღო. გაზრდილი საფასური მოსახლეობას 2021 წლის 1 იანვრიდან უნდა გადაეხადა, თუმცა მთავრობამ ბიუჯეტიდან გაზრდილი გადასახადის სუბსიდირება გადაწყვიტა.
მას შემდეგ, რაც სუბსიდირების პროგრამა დასრულდა, (300 კვტ.სთ-მდე) თბილისში დენის საფასური ყოველ 100 კვტ.სთ-ზე 3,5 ლარით ძვირდება, რეგიონებში კი დაახლოებით – 6 ლარით.
საყოფაცხოვრებო ტარიფი რეგიონებში
- 0 კვტ.სთ-დან 100 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 12,065 თეთრის ნაცვლად 17,731 თეთრი ხდება;
- 101 კვტ.სთ-დან 300 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 15,435 თეთრის ნაცვლად 21,707 თეთრი ხდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც მხოლოდ 100 კვტ.სთ-ს მოიხმარდა, 5,7 ლარით მეტს გადაიხდის, ვინც 300 კვტ.სთ-მდე, ყოველ 100 კვტ.სთ-ზე – 6,3 ლარით მეტს.