რუსეთი 30 ივნისიდან ექსპერიმენტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში უვიზო რეჟიმით შესულ უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ სთავაზობენ, რეგისტრაციის პროცედურა იდენტიფიკაციისა და აუთენტიფიკაციის ერთიან სისტემაში გაიარონ და რუსეთში შესვლაზე განაცხადი მობილური აპლიკაცია ruID-ის მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარადგინონ. ruID-აპლიკაციით განაცხადის შევსება ნებაყოფლობითია.
ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია თავის ვებგვერდზე ვრცელდება.
ექსპერიმენტი ერთი წელი, 2026 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.
ის ეფუძნება რუსეთის მთავრობის 2024 წლის 7 ნოემბრის დადგენილებას (№1510) სახელწოდებით, „უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და რუსეთის ფედერაციიდან გასვლის წესებისა და პირობების აპრობაციის ექსპერიმენტი.“
რუსეთში შესვლაზე ახალი რეგულაცია ამოქმედდება
სექცია ხაზგასმით შენიშნავს, რომ ruID-ით განაცხადის შეუვსებლობა “გავლენას არ მოახდენს სასაზღვრო კონტროლის გავლაზე და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის საფუძველი არ იქნება.”
თუმცა თუ განაცხადი ruID-ის გამოყენებით იქნა წარდგენილი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რიგ უპირატესობებზე ექნებათ წვდომა, რომლებიც რუსეთში მათ კომფორტულ ყოფნას უზრუნველყოფას. კერძოდ, აპლიკაციის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, წინასწარ შეამოწმონ, ეხება თუ არა მათ რუსეთში შესვლაზე ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი შეზღუდვები. ასევე, აპლიკაციაში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ციფრული პროფილი შეიქმნება, რომელიც პერსპექტივაში სამთავრობო უწყებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთქმედებას სრულად ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს. ამით შემცირდება ადმინისტრაციული და სხვა ბარიერები სახელმწიფო მომსახურების მიღების დროს, როგორიც არის ნებაყოფლობითი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის პოლისის შეძენა, თვითდასაქმებულად რეგისტრაცია და ა.შ.
ამასთან, რუსეთში შესვლისას განაცხადში მოცემული მონაცემების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ავტომატურად მიენიჭება ინდივიდუალური პირადი ანგარიშის დაზღვევის ნომერი, ანუ SNILS-ი, რომელიც SIM-ბარათის შეძენისას აუცილებელია.
რაც შეეხება რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სავიზო რეჟიმით, მათ შორის ერთიანი ელექტრონული ვიზით შესვლის წესს, ის უცვლელი რჩება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ ,,ბიზნესპრესნიუსი”