“ასეულ მილიონობით ლარი ყოველწლიურად “ოცნების” კლანის ჯიბეებში მიედინება” – ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საბაზო პენსია (ინფლაციის გათვალისწინებით) საშუალოდ წლიურად მხოლოდ 5,7 ლარით იზრდება, ხოლო ამავე პერიოდში პენსია წელიწადში მხოლოდ 5,3 დოლარის ოდენობით იზრდებოდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით საბაზო პენსია (რომელსაც 70 წლამდე პენსიონერები იღებენ) მომავალ წელს მხოლოდ 20 ლარით იზრდება და 370 ლარი გახდება. ეს მატება იმაზე დაბალია, ვიდრე ფასების ზრდა საქონლის იმ სეგმენტში, რომლის შესაძენადაც პენსიონერები ხარჯავენ თავიანთი შემოსავლების 80 პროცენტზე მეტს.
პენსიის რეალური ღირებულება დღეს არის 193 ლარი 2012 წლის ფასებით. საბაზო პენსია 2012 წელს იყო 125 ლარი, 2025 წელს კი 350 ლარია. თორმეტი წლის განმავლობაში პენსია რეალურად (ინფლაციის გათვალისწინებით) გაიზარდა მხოლოდ 68 ლარით. ეს წარმოუდგენელი ამბავია.
კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორია ქვეყანაში შემოსავლების რეალური მსყიდველობითუნარიანობა პენსიის სიდიდიდან გამომდინარე: “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საბაზო პენსია საშუალოდ წლიურად იზრდებოდა მხოლოდ 5,7 ლარით (ინფლაციის გათვალისწინებით). ამავე პერიოდში პენსია იზრდებოდა მხოლოდ 5,3 დოლარის ოდენობით საშუალოდ წელიწადში.
ამ ერთი მაგალითითაც ნათლად ჩანს, თუ როგორ უსამართლოდ ხდება შემოსავლების გადანაწილება ქვეყნის ბიუჯეტიდან. ასეულ მილიონობით ლარი ყოველწლიურად “ოცნების” კლანის ჯიბეებში მიედინება” – წერს რომან გოცირიძე.