საბურთალოს ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას გიორგი საყურაშვილის მკვლელობას, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, პედაგოგი მერიკო ჟვანია ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
როგორც მერიკო ჟვანია წერს, გიორგი უნიჭიერესი, მოკრძალებული და თავაზიანი ადამიანი იყო, რომელიც მუდამ მის გულში იქნება.
„ჩემი კეთილშობილი, უნიჭიერესი გიორგი 😥 ძალიან მოკრძალებული და გამორჩეულად თავაზიანი, თავი სიზმარში მგონია, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. არ ვიცი, როგორ და რა დავწერო. 10 წლის იყო, როდესაც პირველად ნიჭიერთა ათწლედში მოვიდა ჩემთან კლასში. დღეს კი კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტია. თავზარდამცემი, დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს.
მშვიდად განისვენე ჩემო კეთილო და სიყვარულით აღსავსე ბიჭო. მთელი საღამო შენს ჩანაწერებს ვუსმენ, ვკითხულობ ყველა მესიჯს, რომლის ყველა წინადადება უდიდესი სითბოთი და პატივისცემით არის გამოხატული. შენ მუდამ ჩემს გულში იქნები, ძალიან მომენატრები 😥“, – წერს მერიკო ჟვანია.