ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ შაბათ-კვირას კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მცირე რიცხვი გამოავლინა, თუმცა გააფრთხილა, რომ ვარიანტი “დელტა”, რომელიც ამ დროისთვის 92 ქვეყანაშია გამოვლენილი, შესაძლოა, ახალი მომაკვდინებელი ტალღის მიზეზი გახდეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მასობრივი ვაქცინაციის ფონზე, მდიდარ ქვეყნებში ეპიდემია სუსტდება. ევროპული ქვეყნების უმეტესობაში ინფიცირებულთა და საავადმყოფოში გადაყვანილთა რიცხვი იკლებს, რის გამოც ქვეყნები კარანტინს ამსუბუქებენ.
“დელტა” მძვინვარებს ინდონეზიაში, სადაც ბოლო დღე-ღამეში 21 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. რეკორდს უახლოვდება რუსეთი. მოსკოვში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ამ დღეებში პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალია.
COVID-19-ის ამ ვარიანტის გამო, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მთავრობებმა საკარანტინო მოთხოვნები გააძლიერა. ისრაელში დახურულ შენობებში კი პირბადეების ტარება ისევ სავალდებულო გახდა.