გაყალბებული სამედიცინო დოკუმენტები, არარეალური პაციენტების ბაზა, ხელოვნურად დამძიმებული ანამნეზები, სამედიცინო ბიზნესი – სახელმწიფო დაფინანსებებზე ნადირობს.
სავარაუდო თაღლითური სქემა გაშიფრულია – “კურიერი P.S.-მა” მოიპოვა მთავარი მტკიცებულებები.
კლინიკა, ძირითადად, ონკოპაციენტებს ემსახურება. შესაბამისად ჟურნალში, გაწეულ მომსახურებებში ჭარბობს ქიმიოთერაპიის პროცედურები. მაგალითად, დოკუმენტის მიხედვით, 6 მარტს, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში, პროცედურა 53 პაციენტს ჩაუტარდა, მაგრამ მათი ნაწილი სატელეფონო საუბრისას ამას უარყოფს. პაციენტებთან გასაუბრებით დგინდება, რომ ჟურნალში ჩანაწერები გაყალბებულია.
არიან ისეთი მოქალაქეებიც , ვინც საკუთარი თავი ონკოპაციენტების ბაზაში შემთხვევით აღმოაჩინეს ისე, რომ მათთვის კიბოს დიაგნოზი არ დაუსვამთ და არც შესაბამისი მკურნალობა გაუვლიათ. თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვას მათთვის პროცედურები დაფინანსებული აქვს.
პერიოდულად, კლინიკა საქველმოქმედო აქციებსაც ატარებდა. რეგიონებიდან მოქალაქეებს უფასო ანალიზებს სთავაზობდა და ტრანსპორტირებასაც თავად ახდენდა. პაციენტებს კვლევა ჩაუტარეს, მონაცემები ჟურნალში შეიტანეს, მაგრამ აქედან უკვე საეჭვო ბაზაში გადაინაცვლა, ისე, რომ პაციენტები ინფორმირებული არ იყვნენ.
კლინიკა “საროველში” სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსაც მკურნალობენ, მაგალითად შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზით.
კლინიკის თანამშრომლების ცნობით, დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკა “საროველი” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩახსნა. პარალელურად, გამოძიება დაიწყო პროკურატურამ, ახლა ამ უწყებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი საბუთების გაყალბებისა და სამინისტროსგან დაფინანსების მიღების მიზნით, პაციენტების დიაგნოზების დამძიმების ფაქტებს.
წყარო: რუსთავი 2