საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონის პროექტი, რომლის საფუძველზეც იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ქვეითებისთვის ამჟამადაც მოქმედებს ჯარიმები, თუმცა, ინიციატორების განმარტებით არსებული ფულადი სანქცია, ვერ ასრულებს პრევენციულ ფუნქციას, რის გამოც, საჭიროა ჯარიმების გაზრდა.
ქვეითების (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა აქამდე 10-ლარიან ჯარიმას იწვევდა. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი კანონის ძალას მიიღებს, ჯარიმა 50 ლარი გახდება.
ამასთანავე, ერთი წლის ვადაში იმავე დანაშაულის განმეორების შემთხვევაში ამჟამად ჯარიმა 20 ლარია, დაგეგმილი ცვლილებებით კი 100 ლარი ხდება.
აღსანიშნავია, რომ კანონს ემატება ორი მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ქვეითების მიერ ჩადენილ იქნა ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, პირი 100 ლარით დაჯარიმდება, ერთ წელში დანაშაულის განმეორება კი 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
ინიციატორების განცხადებით, „კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება“.