“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”- ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით სახელმწიფო უწყებების პიარსამსახურებში ყოველწლიურად მზარდია, როგორც თანამშრომელთა რიცხოვნობა, ისე მათ ანაზღაურებაზე გაწეული დანახარჯები.
2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება, დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი და 20 047 896 ლარს შეადგენს.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიარსამსახური თავდაცვის სამინისტროს ჰყავს, ყველაზე მრავალრიცხოვანი კი ჯანდაცვის სამინისტროს.
“წინამდებარე კვლევის ფარგლებში მაქსიმალურად გავზარდეთ იმ საჯარო უწყებების რაოდენობა (216-მდე), საიდანაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებული პირების რაოდენობისა და მათ მიერ მიღებული ანაზღაურების შესახებ.”- ვკითხულბთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”-ს გვერდზე. ” პასუხი მივიღეთ 194 უწყებიდან.[1] არასრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდა რამდენიმე დაწესებულებამ, მათ შორის, თბილისის მერიამ. მთავრობის ადმინისტრაციამ კი არაზუსტი ინფორმაცია გამოგზავნა. ვინაიდან ცალკეული უწყების ინფორმაცია გვაკლია ან მოწოდებული ინფორმაცია არასრულია, შესაძლოა, მონაცემებში იყოს მცირე ცდომილება, მაგრამ ეს საერთო ტენდენციაზე გავლენას ვერ ახდენს.”-განმარტავს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”.