სტიქიის ზონაში მიტოვებული ხალხი შველას ითხოვს – გურიის მსგავსად, მძიმე ვითარებაა იმერეთშიც. ხარაგაულში ორი მწყემსი გაუჩინარდა, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებენ.
ადგილობრივები “პირველებს” უყვებიან, რომ მამაკაცები სოფელ ხიდარიდან 6-7 კილომეტრის მოშორებით წავიდნენ და მათი კვალიც სწორედ ხიდარიდან იკარგება. გრიგოლ ბერაძეს და ტარიელ ხეცაძეს, სავარაუდოდ, საკვების მარაგიც ამოეწურათ. დაკარგულებთან კონტაქტზე გასვლა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.
“სოფლის გამგეობამ იცის ეს ყველაფერი. დარეკეს გუშინ, ვერტმფრენი მოითხოვეს, არ არისო” – ამბობს ხარაგაულის მკვიდრი.
გრიგოლი ბერაძე და ტარიელ ხეცაძე. ორნი არიან, ჯოგი ჰყავთ მთაში, დადიოდნენ ხოლმე. ახლა მალევე მოთოვა და ვეღარ ჩამოვიდნენ. ერთ კვირაზე მეტია, არაფერი ვიცით. არც ის, როგორ არიან. ბინები კი აქვთ, მაგრამ საჭმელი არ ჰონდა ერთს იმდენი, რომ ამდენხანს ჰყოფნოდა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. 2 კილომეტრი გაკვალა 10-მა ადამიანმა 2 დღეში. ვერ კვალავენ, დიდი თოვლია ძალიან.
ტელეფონმა რომ დაიჭიროს, სიმაღლეზე უნდა ავიდნენ და თოვლის გამო ალბათ ვერ ადიან. ახლა ტელეფონები დამჯდარი ექმნებათ. სოფლის გამგეობამ იცის ეს ყველაფერი. დარეკეს გუშინ, ვერტმფრენი მოითხოვეს, არ არისო. ახლა, როგორც ვიცი, დრონით მოდიან. არ ვიცი, რამდენად მართალია. ძალიან დიდი თოვლია. ტრაქტორი მოვიდა, გაფუჭდა და გზა გაუკვალავია. ხალხი ავად არის, ვირუსები აქვთ და გარეთ ვერ გავდივართ. ხარაგაულის სოფლები თითქმის გაუკვალავია”. – განაცხადა მოქალაქემ.
იმერეთის პარალელურად, კრიტიკული ვითარებაა გურიაშიც. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. “ქართული ოცნების” ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.










