ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენა დაიწყო. შესაბამის დოკუმენტს საწარმოების ახალმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სოცკიმ, მოაწერა ხელი.
მიწისქვეშა სამთო სამუშაოების განახლება მღვიმევის მაღაროდან იწყება, სადაც დილიდან უკვე მიმდინარეობს საწყისი ეტაპით გათვალისწინებული აღდგენა – გადამაგრებითი სამუშაოები, რომელსაც მღვიმევის მაღაროს თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჯგუფი ახორციელებს.
მღვიმევის მაღაროში სამუშაო პროცესი რვასაათიანი სამუშაო გრაფიკით წარიმართება. ანაზღაურება კი ახალ, გამომუშავებაზე დაფუძნებული მოდელით გაიცემა. კომპანიის ინფორმაციით, განახლებულ საშტატო სტრუქტურაში დასაქმებული მაღაროელები გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ.
“მაღაროში დასაქმდნენ ის პირები, რომლებმაც რეორგანიზაციის ფარგლებში განაცხადი შეავსეს და გასაუბრება წარმატებით გაიარეს.
მაღაროელებს ჩაერიცხებათ 27 აპრილამდე დარიცხული ხელფასის 60%, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში და შემუშავებული გრაფიკის მკაცრი დაცვით. მასთან ერთად მაღაროელებს სრულად შეუნარჩუნდებათ კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბენეფიტები.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურის საწარმოებში რეორგანიზაცია მიზნად ისახავს არა მხოლოდ კომპანიის ფინანსური მდგრადობის აღდგენას, არამედ სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას. გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიამ უნდა დაძლიოს ფინანსური კრიზისი და გადავიდეს სტაბილურ ოპერირებაზე”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელი მიხაილ სოცკი აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, აღდგენითი სამუშაოები ხუთ დღეზე მეტხანს არ გაგრძელდება.
“დღეს კვირის პირველი სამუშაო დღეა. პირველ რიგში, ვხსნით მღვიმევის მაღაროს და ვიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. მაღარო მეტ-ნაკლებად კარგ მდგომარეობაშია. ველით, რომ აღდგენითი სამუშაოები ხუთ დღეზე მეტხანს არ გაგრძელდება.
ამის შემდეგ გადავალთ მოპოვების სამუშაოებზე. უახლოეს დღეებში გავხსნით სხვა მაღაროებსაც.
დღესვე გავხსენით ავტოსატრანსპორტო საწარმო. უახლოეს დღეებში დავიწყებთ ელექტრომექანიკური სახელოსნოს აღდგენას. ასე ეტაპობრივად დავიწყებთ მუშაობას ყველა მიმართულებით და პარალელურად მადნის მოპოვებასაც.
საერთო ჯამში, შუქთუთის მაღაროს გარდა, ყველა მაღარო მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობაშია. მხოლოდ შუქრუთის მაღაროა ყველაზე მეტად დაზიანებული . მის სრულ აღდგენას 6-7 თვე დასჭირდება, თუმცა აღდგენით სამუშაოებს იქაც რამდენიმე დღეში დავიწყებთ”, – აცხადებს ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელი მიხაილ სოცკი.
ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელი მიხაილ სოცკი დღეს, იმ მაღაროელების ნაწილს შეხვდა, რომლებიც 28 თებერვლის შემდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციების დაწყების მიზეზი, კომპანიის მხრიდან აღებული ვალდებულებით დასარიცხი ხელფაისის 60%-ის არდარიცხვა იყო.
მაღაროელები აცხადებენ, რომ ინფორმაცია, რომ თითქოს ჭიათურაში სამთო მოპოვების პროცესი განახლდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე თქმით, დღეს მღიმევის მაღაროს გახსნა იგეგმებოდა, თუმცა სამსახურში არავინ გამოცხადდა.