წყნარი ოკეანის კუნძულმა-ქვეყანამ ვანუატუმ, ქვეყნიდან გამგზავრება აკრძალა მას შემდეგ, რაც სანაპიროზე კორონავირუსით ინფიცირებული გვამი გამოირიყა.
ფილიპინელი მეთევზის გვამი 11 აპრილს აღმოაჩინეს. ის ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან დაიკარგა. მას შემდეგ, რაც ცხედარი მორგში გადაასვენეს, აღმოჩნდა, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა.
უცნობია, იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი, თუმცა ვანუატუმ მალევე მიიღო ზომები და 16 ადამიანი საკარანტინო სივრცეში მოათავსა. უმეტესი მათგანი პოლიციელები არიან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვანუატუში, ისევე როგორც წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებზე მცირე რაოდენობის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ვანუატუში, სადაც მოსახლეობა 300,000 ადამიანს აჭარბებს, კორონავირუსის მხოლოდ 3 შემთხვევაა დადასტურებული!