მიმდინარე წელს CO-თი ინტოქსიკაციით 24 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, 2019 წელს მხოლოდ CO-თი ინტოქსიკაცია 321-მა ადამიანმა მიიღო. „ეს არის სტატისტიკა 1-ელი სექტემბრის ჩათვლით“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.
როგორც მან აღნიშნა, 2019 წელს თბილისში კუსტარულად დამონტაჟებული 22 518 დანადგარი ჩაიჭრა.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად შემოწმების გამკაცრება და ასევე, სხვა, რიგი ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
„მხოლოდ 2018 წელს ჩვენი თანამშრომლების მიერ 65 500 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარია ჩაჭრილი, მიმდინარე წელს 22 518, სექტემბერში კი 2 918. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი კომპანიის აზრით, არა მხოლოდ შემოწმების გამკაცრებაა საჭირო, არამედ რიგი ღონისძიებებია გასატარებელი, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ჩვენმა აბონენტებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.