კამჩატკის აღმოსავლეთ სანაპიროზე 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ნახევარკუნძულსა და კურილის კუნძულებზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ მხარის გუბერნატორმა, ვლადიმერ სოლოდოვმა განაცხადა.
ეპიცენტრი 46,8 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
კამჩატკის ხელისუფლებამ გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადა. მოსალოდნელი ტალღების გამო ადგილობრივებს სანაპიროზე გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ, ხომალდებს კი სანაპიროდან მოშორებით ოკეანეში გასვლისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, კამჩატკის სანაპიროსთან 30 ივლისს 1952 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მაშინ სიმძლავრე 8,8 მაგნიტუდას შეადგენდა. მას შემდეგ სპეციალისტები აღნიშნულ ზონაში უკიდურესად მაღალ სეისმოლოგიურ აქტივობას აფიქსირებენ.