გასული წლის ნოემბერში უმძიმესი დანაშაული მოხდა თიანეთში. 24 წლის გალინა ნოზაძე, რომელსაც ქმარმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, კლინიკაში გარდაიცვალა. ის ჭიათურაში მამის გვერდით დაკრძალეს.
სამი მცირეწლოვანი შვილის დედა თითქმის ერთი თვე კლინიკაში ებრძოდა სიკვდილს. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, მისთვის მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მედიკოსები უძლურები იყვნენ. 10 დეკემბერს გალინა კლინიკაში ისე გარდაიცვალა, რომ მომხდარის დეტალებზე ოჯახის წევრებთან არ უსაუბრია.
- მოკლული ქალის დედამ დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა და მისი სიძის მიმართ უვადო პატიმრობა მოითხოვა. შემდეგი სხდომა 5 მაისს არის ჩანიშნული, რა დროსაც, სავარაუდოდ მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.
“ჯანმრთელი შვილი ჩავაბარე თემურ ყარალაშვილს. ის უნდა დაისაჯოს უვადო პატიმრობით, რადგან სამი შვილიშვილი ობლად დამიტოვა. ცოცხლად დამიწვა შვილი. ეს იყო განზრახ ჩადენილი, სასტიკად ჩადენილი მკვლელობა. მას მას იმისთვის არ ჩავაბარე შვილი, რომ ბენზინი გადაესხა და დაეწვა. მინდოდა ოჯახი შეექმნათ. ისეთი დღეები გამოატარეს ჩემს შვილს, არ ვიცი. ცრემლი გამიშრა ნოემბრის მერე. მის შვილებს ვუყურებ, დედა, რომ ენატრებათ. წლის ბავშვს როგორ უნდა ავუხსნა, რომ მისი დედა ცოცხალი აღარასოდეს იქნება. ყოველ ღამე ტირის, რომ დედა უნდა. საიდან მოვუყვანო დედა?” – მიმართა მოსამართლეს მოკლული ქალის დედამ.
უმძიმესი დანაშაული თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა. იმ საბედისწერო ღამით, ქმარმა ცოლს სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი თემურ ყარალაშვილი სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს.
წყარო: ამბები.ge