ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 55 წლამდე და-ძმის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედრები სახლის მიმდებარედ იპოვეს და და-ძმას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
- გარდაცვლილები არიან დარია და ტარიელ ფარტენაძეები. ისინი სოფელ აჭარისაღმართიდან იყვნენ.
“ტარო გავიდა 8 საათზე მეზობელთან, ვერ მივიდა მეზობლის სახლამდე, გზაზე წაიქცა. ზოგადად ტაროს ხშირად უკავდებოდა ხელ-ფეხი, ალბათ ახლაც ეგ დაემართა, დაეცა და ადგომა ვერ შეძლო. გაიყინა სიცივეში. დილის 9-მდე იქ იმყოფებოდა, დამ ვერ იპოვა, რადგან სულ სხვა ადგილას ეძება, სადაც ძმის ტლეფონი იყო – იქ. დარია ტელეფონით რეკავდა ოჯახის წევრებთან, ღამის 12 საათამდე ეძება. ტელეფონის ფანრით ათვალიერებდა გარემოს, ამ დროს გადავარდა შემთხვევით წყალში. იქ დაიღუპა” – უყვებიან ambebi.ge-ს ახლობლები.
“დილით მეზობლის ბავშვმა ნახა ეზოს ჭიშკართან ტარიელი გაყინული. ამის მერე დის ძებნა დაიწყეს და და ნახეს სახლთან ახლოს, პატარა ნაკადულში ჩავარდნილი. სავარაუდოდ, სიბნელეში როცა ძმას ეძებდა, ამ დროს ჩავარდა ნაკადულში, მაგრამ ეტყობა დაშავდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო. ასეთი მწარე რეალობაა. არც და იყო გათხოვილი და არც ძმა იყო დაოჯახებული და ორივე დაღუპულია. სახლის ერთ მხარეს ძმა არის ნაპოვნი, და სახლის მეორე მხარეს პატარა ნაკადულში და იპოვეს გარდაცვლილი. ძმა ცენტრალური ეზოს შესასვლელთან ნახეს დაღუპული” – ამბობს ჩვენთან საუბარში ნათესავი.










