ცეკვა ქართულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 21 სექტემბრის ბრძანება ძალაში 7 ოქტომბერს შევიდა.
„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ცეკვა ქართული“;
დაევალოს სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“, – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში, რომელიც ძალაში 2020 წლის 7 ოქტომბერს შევიდა.









