ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაში ვერაფერი ამოვიკითხე საქართველოს ინტერესების შესაბამისი, გარდ იმისა, რომ მივხვდი, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლისთვის მოხდა ამ ნაბიჯის წინსწრებით გადადგმა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ- ის ელჩის განცხადებას.
ლილუაშვილის განცხადებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება ემსახურება მიზანს, რომ შეიქმნას ალტერნატივა, თითქოს დასავლეთის გარდა ამ ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველმყოფი შეიძლება ვინმე იყოს.
„2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დაახლოებით, სამ თვეში რუსეთი და ჩინეთი აფორმებენ გარკვეული სამხედრო თვალსაზრისით თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან კარგია და გახარიას ხელმოწერილია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ამას ვერავინ გვასწავლის ჩვენ, მაგრამ იმის გამო, რომ პოლიტიკურად შექმნა ალტერნატივა, თითქოს დასავლეთის გარდა ამ ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველმყოფი შეიძლება ვინმე იყოს და ამ პარტიულ მიზანს, მავნებლობას რომ ემსახურება ეს ქმედებები, ამაშია პრობლემა. ფუნქცია რა იყო, რა ბენეფიტი მოიტანა ამ სტრატეგიულმა შეთანხმებამ? – იმიტომ, რომ შეთანხმების ტექსტში ვერაფერი ამოვიკითხე საქართველოს ინტერესების შესაბამისი, გარდა იმისა, რომ მივხვდი ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლისთვის ხდება ამ ნაბიჯის წინსწრებით გადატანა. შემდეგ რომ იტყვის საზოგადოება, რომ ანაკლიის პორტი უნდა ყოფილიყო სტრატეგიული ბმის ელემენტი საქართველოს ევროპასთან ან ამერიკასთან და რომ იკითხავს, რომ რატომ გახდა ჩინეთთან, გამოვა ხელისუფლება და იტყვის, რომ „ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორია – მას არ აქვს შესაბამისი შესაძლებლობა, რომ დაგვიცვას?!“ როგორ დაგიცავს, რუსეთთან სამხედრო სფეროში ხელშეკრულება და პარტნიორული თანამშრომლობა აქვს შენს ოკუპანტ ქვეყანასთან“, – განაცხადა ლილუაშვილმა.










