კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებული უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების” პარტიულ დღის წესრიგს, – ამის შესახებ „ლელოს” წევრმა, ლევან კობერიძემ „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო სამთავრობო ერთპარტიული რეჟიმიდან უნდა გამოვიდეს. კობერიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას ეროვნული პლატფორმის ფორმატი.
„უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი უკვე დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების“ პარტიულ დღის წესრიგს. მაგალითისთვის, ღია სივრცეში პირბადის ტარება, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით, რომ შემოეღოთ არჩევნებამდე, რადგან ვხედავდით ინფიცირების მზარდ სტატისტიკას, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრომ და საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან ვიწროპარტიულია, ეს წესი შემოიღო არჩევნების მეორე დღეს, წინა დღეს არ შემოიღეს, რადგან თვლიდნენ, რომ ამომრჩეველს გააღიზიანებდნენ. რაც შეეხება „ლოქდაუნს“, ვხედავთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არის გაზრდილი, მაგრამ ვერ ვხედავთ კონკრეტულ გეგმას, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კონკრეტული პარამეტრების შემთხვევაში უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. ეს არის დიდი პრობლემა. მე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, დიდი ხნის წინ გავგზავნე სადეპუტატო შეკითხვა, კოვიდ ფონდთან დაკავშირებით, როგორ ხდება მისი გახარჯვა და პასუხი არ მიმიღია, ანუ გაუგებრობა და გადაწყვეტილებების ერთპარტიულ დღის წესრიგზე დაქვემდებარება არის ყველაზე დიდი პრობლემა,”- განაცხადა კობერიძემ.
უკვე საკმაოდ დააზიანა პოლიტიკურმა პროცესმა პანდემიასთან ბრძოლა. კარგად გვესმის, რომ რასაც ვხედავთ მატების კუთხით, დაკავშირებული იყო პოლიტიკურ პროცესებთან,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესი პანდემიის ხელშემწყობი არ იყოს და ამისთვის აუცილებელია, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაინაწილოს.“
„მთელ მსოფლიოში პოლიტიზებულია კორონაპანდემია, მაგრამ ახლა ჩვენ იმდენად სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ დროა ეროვნული კონსოლიდაცია მოხდეს, არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესი პანდემიის ხელისშემწყობი, პირიქით, უნდა იყოს ხელისშემშლელი. ეს უნდა დავასრულოთ. თუ ვინ არის (შექმნილ ვითარებაზე) პასუხისმგებელი, ამის დროც მოვა, გაანალიზდება შეცდომები, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, კინკლაობის დრო არ არის, ახლა არის კონსოლიდაციის დრო, რომ პასუხისმგებლიანად მივუდგეთ ამ თემას.
მსჯელობაში, გადაწყვეტილებების მიღებაში, აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაინაწილოს პასუხისმგებლობა და არ მოხდეს ბრალეულობაზე საუბარი. ჩემი აზრით უკვე საკმაოდ დააზიანა პოლიტიკურმა პროცესმა პანდემიასთან ბრძოლა. კარგად გვესმის, რომ რასაც ვხედავთ მატების კუთხით, დაკავშირებული იყო პოლიტიკურ პროცესებთან, საარჩევნო პერიოდთან, აქციებთან, მიტინგებთან, ადამიანების მოძრაობასთან. ვირუსი არ ცნობს, რის გამო მოძრაობს ადამიანი, პოლიტიკური პროცესი აუცილებელი იყო, არჩევნები აუცილებელი იყო, მაგრამ ახლა დროა, რომ ჩვენ მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ერთობლივად შევძლოთ პასუხისმგებლობების და მოვალეობების განაწილებაც,”- განაცხადა ზოიძემ.
საჭიროა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საკითხი იყოს კოვიდთან ბრძოლა – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა, ქვეყანაში ეპიდვითარების კომენტირებისას განაცხადა.
წერეთლის თქმით, ახლა არის ქვეყნისთვის რთული მომენტი და ამის დასაძლევად საჭიროა მთავრობის მრიდან მეტი ჩართულობა, რესურსების უკეთ მართვა და კომპეტენტური ადამიანებისგან რჩევების მიღება. წერეთელმა აღნიშნა, რომ კოვიდთან ბრძოლა უნდა გახდეს ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი საკითხი.
„ძალიან მაღალი ციფრებია საქართველოსთვის, ძალიან მაღალი სიკვდილობაა. შესაბამისად, ამას სჭირდება ყველა მიმართულებით გაუმჯობესება, განსაკუთრებით მეტი ჩართულობა, მეტი მართვა, კომპეტენტური ადამიანების მხრიდან რჩევების მიღება და რესურსების უკეთესად განაწილება. ასევე საჭიროა, რომ იყოს კონკრეტული აუცილებელი საკითხები, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგალითად, პირბადეების გამოყენება, რომლებსაც ახლა ასე ვაცხადებთ, გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო ამის გაცხადების აუცილებლობა, რათა აგვეცილებინა ბევრი შემთხვევა. ახლა არის რთული მომენტი და ეს რთული მომენტი ქვეყანამ უნდა დაძლიოს, ამისთვის არის საჭირო, რომ ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საკითხი იყოს კოვიდთან ბრძოლა“ , – განაცხადა წერეთელმა.










