„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმის პროკურორის, მარი მეშველიანის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებას ვაშაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
როგორც მეშველიანი აღნიშნავს, ისინი სასჯელის სახეობის განსაზღვრას სასამართლოს მიანდობენ.
„ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
ჩვენ გამამტყუნებელ განაჩენს მოვითხოვთ, თუ რა იქნება სასამართლოსთვის ეს სასჯელი, მკაცრი, თუ ნაკლებად მკაცრი, ეს სასამართლომ გადაწყვიტოს”,- განაცხადა მეშველიანმა.
ის ასევე განმარტავს, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხელმეორედ დაიბარა ახნა-განმარტების მისაცემად.
„იმ შემთხვევაში თუ შემოვა ჩვენთან კონკრეტული მასალები კონკრეტული პირის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნული შეფასდება, თუ გამოძიება დაიწყება, მოპოვებული იქნება შესაბამისი მტკიცებულებები. რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიებად რა იქნება ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი, ასე წინასწარ ვერ გეტყვით, ყველა გარემოება შეფასდება.
როდესაც ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ამ შემთხვევაში, ნიკა გვარამიაზე მაქვს საუბარი, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ არ ხდება და წინასასამართლო სხდომა განისაზღვრება. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, ამ საქმეზე მას გირაოს პირობები არ დაურღვევია, გადახდილი აქვს შესაბამისი გირაო, თუ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება, შემდეგ უკვე კონკრეტულ საქმეში გადაწყდება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი. ამ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ გირაოს პირობების ქვეშ მყოფმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ეს გირაოს პირობების დარღვევად ჩაითვლება. გირაოს პირობების დარღვევაა, როდესაც ადამიანი ახალ, განზრახ დანაშაულს ჩაიდენს გირაოს პირობების ქვეშ ჩაიდენს.
არ მისვლა უნდა შეფასდეს, არ მისვლას შეიძლება ჰქონდეს თავისი მიზეზები, წინასწარ როგორ გიპასუხებთ. უნდა შეფასდეს მიზეზი არის თუ არა ობიექტური, არის თუ არა დანაშაული, თუ კონკრეტული მტკიცებულებები დაადასტურებს კონკრეტული პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება”,- განაცხადა მეშველიანმა.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.