პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესების შესახებ ისაუბრა.
„ოთხი მცდელობა იყო საქართველოში, პირველი იყო 2020 წლის ივნისში, მეორე იყო 2023 წლის გაზაფხულზე, მესამე იყო 2024 წლის გაზაფხულზე და მეოთხე დაიწყო 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან და გადმოვიდა 2025 იანვარში ვართ და არის ახლაც – ზოგადად, რევოლუციური სცენარია ეს და მეთოდიკაც არის რევოლუციური. მაგალითად, თუ შევადარებთ რა მოხდა ყირგიზეთში ორივეჯერ – სახეზე გვაქვს ქვები, მოლოტოვის კოქტეილები, რკინის ჯოხები – ყველაფერი ამით ოპერირებდა ხალხის მასა და ისინი ამნაირად უსწორდებოდნენ პოლიციელებს. რევოლუცია სადაც იქნება, ცხადია, იქ ყველაფერი წავა ამ კალაპოტში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდება პოლიცია, რომელიც იცავს სახელმწიფოს და მომიტინგეები, რომლებიც თავს ესხმიან პოლიციას. ბუნებრივია, რევოლუცია სადაც არის, ყველგან წავა ამ მიმართულებით.
[აქციებზე] არიან ზოგადად ცვლილების მოსურნენი, რომლებიც მხარს უჭერენ გარკვეულ ცვლილებებს და თუ ეს ცვლილებები ევოლუციურადაც მოხდება – ისინი თანახმანი არიან და მეორენი მოითხოვენ, რომ ეს მოხდეს რევოლუციით.
მე არ ვთვლი [რომ რუსეთისკენ მივდივართ], მაგრამ ვთვლი, რომ თუ ფრთხილად არ მოვიქცევით, ჩვენ ჩელიაბინსკში არ გავიღვიძებთ, ჩვენ გავიღვიძებთ ღაზაში, გავიღვიძებთ ნანგრევებად ქცეულ ალეპოში, აი, ეს იქნება შედეგი, თუ არ მოვიქცევით გონივრულად და ზუსტად არ გავთვლით ყველა იმ გამოწვევას, რაც შეიძლება ჩვენს წინაშე აღიმართოს“, – აღნიშნა გამსახურდიამ.