საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრიტანული სანქციების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებას ბრიტანეთთან არანაირი დიპლომატიური ცვლილება არ ექნება, მათ შორის არ მოხდება არც ელჩის ქვეყნიდან გაძევება.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ელჩი თავად არის ტრაგიკულ ვითარებაში და საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტად არ უნდა დაამძიმოს ეს ვითარება. პრემიერის თქმით, საქართველო დიდ ბრიტანეთთან რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.
„ელჩი თვითონ ხომ არაფერს წყვეტს, ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია. თვითონ როგორ უყურებს ამ ყველაფერს არ ვიცი, მაგრამ ობიექტური შემფასებლის თვალით, მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული. მისი ხელით გაცხადდა გადაწყვეტილება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის თაობაზე, თან ის წარმოადგენს დიდ ბრიტანეთს – ინგლისში წარმოიშვა ადამიანის ძირითადი უფლებები და ამ ქვეყნის წარმომადგენელს უწევს განცხადების გაკეთება საქართველოში მედიის თავისუფლების, ძირითადი თავისუფლების, ხელყოფის თაობაზე. მისი მდგომარეობა ტრაგიკულია, ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ არ უნდა დავამძიმოთ ამ მდგომარეობის ტრაგიზმი. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში ჩვენ აქაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ჩვენთვის ძვირფასია დიდი ბრიტანეთი, როგორც სახელმწიფო და შესაბამისად ხალხი. იგივე ეხებოდა ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, უკრაინას, ჩვენ ამ შემთხვევაშიც უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძვირფასია დიდი ბრიტანეთი როგორც გამორჩეული ისტორიის მქონე სახელმწიფო და ჩვენთვის ძვირფასია ბრიტანელი ხალხი. რაც შეეხება ელჩის დაბარებას, ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური დემარშის ფორმა, ამას პრაქტიკული დატვირთვაც აქვს, ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაციის გაზიარება იმასთან დაკავშირებით თუ რას დაეფუძნა ორი ტელეკომპანიის სანქცირება- ნული ინფორმაცია, ნული ფაქტები ამასთან დაკავშირებით. ეს მეტყველებს კიდევ ერთხელ ამ მდგომარეობის ტრაგიკულობაზე,“ – განაცხადა კობახიძემ.










