კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტმა პროტესტმა მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მოიტანა.
მისი განმარტებით, ნებისმიერი გარე რეაქცია საქართველოს მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების არის შედეგი იმ პროტესტის, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე 26-ე დღეა მიმდინარეობს.
ჯაფარიძის განცხადებით, თითქმის ორი თვე გავიდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან და „რუსეთის სატელიტი ქვეყნების გარდა არავინ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას“.
„დღეს არის უწყვეტი პროტესტის 26-ე დღე, რომელიც რუსთაველის გამზირზე თავს უყრის ასობით ათას ადამიანს. ამ პროტესტმა უკვე მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, ნებისმიერი გარე რეაქცია, მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების არის შედეგი სწორედ ამ პროტესტის. ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ დღეს არის 57-ე დღე მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა. თითქმის 2 თვე გავიდა არჩევნების დღიდან და ამ არჩევნების შედეგებს მხოლოდ აღიარებს რუსეთის სატელიტი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, როგორიც არის ვენესუელა და ნიკარაგუა. ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
მთავარი პოლიტიკური პროცესი არის სწორედ რუსთაველზე. ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ყველა ის ადამიანი, ვინც რუსთაველზე, თუნდაც ნახევარი საათით გამოდის, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. საბოლოდ, ჩვენ ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით მივალთ იქამდე, რომ ამ ქვეყანაში დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლება და ეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება. ამ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში, 2030 წლამდე ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ასევე, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ სამშვიდობოს გავიდეთ და საკუთარ შვილებს დავუტოვოთ ქვეყანა, რომელსაც აღარ ექნება ის საფრთხეები, რა საფრთხეებშიც ჩვენმა თაობებმა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იცხოვრეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.