აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ დაფიქსირებული დაშინებისა და შევიწროების ფაქტები შემაშფოთებელია.
მისივე განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მედიას უნდა მიეცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება, რათა ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.
„ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება დაშინების, შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც დაფიქსირდა წინასაარჩევნო პერიოდში. ასეთი ფაქტები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების ერთმანეთთან კიდევ უფრო დაშორებას. მიუღებელია თავდასხმები მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ, საკუთარი საქმე განახორციელონ მშვიდ გარემოში, რომ მოქალაქეებს შეეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის”, – აცხადებს კელი დეგნანი.
დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის.
„მოხარული ვარ, რომ ვიხილე წინასაარჩევნო გამოკითხვები, რომლის პროგნოზის მიხედვითაც ამომრჩევლის აქტივობა ამ არჩევნებზე იქნება მაღალი. კარგია, როდესაც ხალხს სურს მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს საკუთარი პოზიცია. იმედი მაქვს, იქნება მშვიდობიანი და წყნარი გარემო იმისთვის, რომ ადამიანებს მიეცეთ საარჩევნო უბნებზე მისვლის და არჩევანის დაფიქსირების საშუალება”, – აცხადებს აშშ-ის ელჩი.
კელი დეგნანის ინფორმაციით, საელჩოს მხრიდან საარჩევნო პროცესს ასი ადამიანი დააკვირდება.
„ესენი არიან არაფორმალური დამკვირვებლები. ვიცით, რომ ამ არჩევნებს დააკვირდება ძალიან ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალი დამკვირვებელი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორებისთვის.
შესაბამისად, ყურადღება იქნება ძალიან მაღალი ამ პროცესების მიმართ და ეს არ შეეხება მხოლოდ არჩევნების დღეს, ეს შეეხება როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე არჩევნების დღეს და შემდგომშიც განვითარებულ მოვლენებს.
ამ ყველაფერს დიდი ყურადღებით დააკვირდება ყველა, შესაბამისად, ჩვენი დაჟინებული მოწოდებაა მშვიდი, წყნარი გარემო“, – განაცხადა კელი დეგნანმა.