შემოიტანენ თუ არა რუსული წარმოების ანტიკოვიდურ ვაქცინას საქართველოში ? ეს კითხვა აქტუალური აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დეტალების გასაჯაროების მას შემდეგ გახდა,რაც კარასინმა განაცხადა, რომ კორონასთან ერთობლივ ბრძოლაზეც და რუსული ვაქცინით საქართველოს დახმარებაზეც ისაუბრეს.
აშესაბამისად, დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი თანამშრომლობენ COVAX პლატფორმასთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება;
„ჯერჯერობით ვაქცინაცია დააანონსეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც თვითონ აწარმოებენ ვაქცინებს, მათ შორისაა აშშ, ბრიტანეთი, გერმანია და ასევე საფრანგეთი, რომლის ერთ-ერთი ცნობილი ფრანგული ფირმა ასევე მალე განაცხადებს ვაქცინის მზადყოფნაზე. ამ ეტაპამდე, არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული არც FDA-ის მიერ, არც ევროპის წამლის სააგენტოსა და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამას ელოდებიან ძირითადად დეკემბრის შუა რიცხვებში, 15-დან 20-მდე, თუმცა არსებობს ე.წ. დამტკიცების ფორმა ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ, ე.წ. Emergency Use – ასეთი ფორმა აქვთ FDA-ის, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლებმაც შეიძლება მისცენ ვაქცინას მწვანე გზა დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, ამიტომ შესაძლებელია ამ ქვეყნებმა დაიწყონ.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვმუშაობთ COVAX პლატფორმასთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება. დაახლოებით 170 ქვეყანაა COVAX პლატფორმაში გაერთიანებული COVAX პლატფორმა შეისყიდის როგორც ვიცი რამდენიმე მილიარდ დოზას 2021 წლისთვის. შეძენილი იქნება არა კონკრეტულად ერთი ვაქცინა, არამედ Oxford-ის, AstraZeneca-სი, Pfizer-ის, GlaxoSmithKline-ის და სხვ.
კარგი გადახდის პირობები გაკეთდა COVAX პლატფორმასთან, ჩვენ გადავიხადეთ 4.5 მლნ-ზე ცოტა მეტი წინასწარი შენატანი, მაგრამ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა, ანუ რასაც გიკარნახებენ იმას კი არ შემოიტან, არამედ შენით აირჩევ. დიდი ალბათობით, ჩემი გადასახედიდან, სადღაც მარტი-აპრილისთვის იქნება ეს, მაგრამ ამავდროულად საბჭოს დავალებაა და ჩვენ ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე, გარდა COVAX პლატფორმისა, რამდენიმე კომპანიასთან. პარასკევსაც გვქონდა დიდი ტელეკონფერენცია AstraZeneca-სთან და Oxford-ის ვაქცინასთან ე.წ. პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი საელჩოების მეშვეობით ვმუშაობთ რამდენიმე ქვეყანასთან, მწარმოებლებთან,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აღნიშნულ ბრიფინზე არაფერი თქმულა რუსეთში წარმოებულ ვაქცინაზე, спутник5-ზე, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით პატიმრებზე ცდიან და ასევე, აფრიკის ქვეყნებშიც.
covax-ის შესახებ კი ამირან გამყრელიძემ ადრეც ისაუბრა და აღნიშნა :
“covax-ის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) პლატფორმა ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ არის შექმნილი, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ თითქმის 2 ათეული წელია, რომლის დახმარებითაც ჩვენს ქვეყანაში დავნერგეთ რამდენიმე ვაქცინა. ალიანსის საშუალებით ჩვენ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კამპანიები ჩავატარეთ. ეს პლატფორმა რომელ ვაქცინას შეისყიდის ჩვენი ტიპის [ქვეყნებისთვის] და მათ შორის საქართველოსთვის, ეს ჩვენ არ ვიცით“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.










