2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არც ბარიერთან და არც ტესტებთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ განიხილება – ეროვნული გამოცდების ცენტრი
მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, გამოცდების ფორმატი იგივე რჩება.
„არც ბარიერთან და არც ტესტებთან დაკავშირებით ცვლილება არ იგეგმება, როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე, ისე იქნება, ანუ ჩვეულ ფორმატში ჩატარდება ეროვნული გამოცდები“ – ამბობენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ცენტრში ამ ეტაპზე არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, აბიტურიენტების განთავსების წესთან დაკავშირებით.
„ითქვა, რომ 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ უნდა განთავსდეს დახურულ სივრცეში, მაგრამ, როგორ უნდა განთავსდეს და რამდენი საგამოცდო ცენტრი იქნება, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ივნისში გახდება ცნობილი“ – ამბობენ საგამოცდო ცენტრის პრესსამსახურში.










