ყვავებს და ყორნებს შეუძლიათ სახეების დამახსოვრება,კვლევებიდან ირკვევა, რომ წლების მანძილზე მათ შეუძლიათ წყენის დამახსოვრება და შურისძიებაც კი.
სამაგიეროდ, თუ მათ კარგად მოექცევით, შეიძენთ კარგ მეგობარს, რადგან ყორნები არამხოლოდ წყენას იმახსოვრებენ, არამედ სიკეთესაც.
იქნებ ამიტომაც არაერთი მითი და ლეგენდა შემოინახა ისტორიამ ყორანთა შესახებ :
,,ოდესღაც მთელი სოფელი მინდვრად გამოშლილა, გლეხებს სამკალი ჰქონიათ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ მოსავლის აღებაში. შრომაში გართულებს ვერ შეუმჩნევიათ, როგორ ჩამძვრალა ცეცხლზე შემოდგმულ შეჭამანდში უხსენებელი და შიგ ჩახარშულა. მოიწამლებოდნენ და სიკვდილი არცერთს არ ასცდებოდა, რომ არა ერთი უცნაური შემთხვევა. ყვავმა, რომელიც ჰაერში დაფრინავდა, ეს ყველაფერი დაინახა, უეცრად შხუილით დაეშვა ძირს და პირდაპირ ცხელ ქვაბში ჩავარდა. ამის მხილველ გლეხებს უთქვამთ – ყვავის ნახარშს ხომ არ შევჭამთო და წამოუპირქვავებიათ ქვაბი – ფრინველთან ერთად კი გველიც წამოვარდნილა. ხალხს ყვავის მოქმედება სასწაულად მიუჩნევია და მის სახელზე ეკლესიები აუგიათ. გონიერმა ყვავმა მართლაც შესწირა სიცოცხლე ადამიანებს და მათაც დაუფასეს – არაერთ კუთხეში აიგო ყვავის საყდრები: გურჯაანში, უფლისციხეში, ბოლნისსა და ადიგენში, თუმცა გამორჩეულია საგურამოს ახლოს, წიწამურის ტყის განაპირას, ერთი გალავნიანი საყდარი, რომლის ეზოში, საჩინო ადგილზე ყვავის ქანდაკება დგას – ფრთაგაშლილი ფრინველი თითქოს იცავს და დარაჯობს იქაურობას.”- გვამცნობს ავტორი.