როგორც მე, შესაძლოა სხვასაც არაფერი სმენია ტყიბულის კუნძულების შესახებ. ამიტომაც შევეცდები გიამბოთ სამ პატარა კუნძულზე, რომლებიც თითქმის დაცლილ ქალაქ ტყიბულთან გასული საუკუნის 50-იან წლებში წარმოქმნილა, მომდევნო 7 ათეული წლის განმავლობაში კი იმდენად ფანტასტიკური იერი შეუძენია, ნებისმიერი ქვეყანა საჩუქრად აღიარებდა, გარდა ჩვენი ქვეყნისა. რატომ ჩვენ არა, ამაზე საუბარს არ გავაგრძელებ. ასე იწყებს სტატიას ,,კვირის პალიტრა” ტყიბულის კუნძულების შესახებ. კუნძულები, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 10 მეტრი სიმაღლის არის, კვრინჩხითა და წიფლის ტყეებით არის დაფარული. წყალი კუნძულებს ვერასოდეს დაფარავს, თვით დიდი ადიდების დროსაც კი. საქმე ის არის, რომ წყალსაცავი ვაკე ადგილებშია ჩაგუბებული, საიდანაც ადიდებული წყალი ნაპირზე გადადინდება. სამივე კუნძულის გარშემო ის თევზები დაცურავენ, რომლებიც აქ წლების წინ მოაშენეს, ღამითაც აქაურობას ვარსკვლავიანი ცა დანათის. აი, ასეთია ჩვენთვის უცნობი კუნძულები. ამ სილამაზის მიუხედავად, როდესაც მედიაში გამოჩნდა ცნობა კუნძულების შესაძლო გაყიდვის შესახებ, ადგილობრივების კომენტარები დაახლოებით ასეთი იყო: “ჰა-ჰა-ჰა! ახლა არ გამაცინოთ! ვის რაში სჭირდება ტყიბულის კუნძულები, მანდ ვირთხებსაც ვერ მიიტყუებთ”, მაგრამ კუნძულები გაიყიდა და როგორც ამბობენ, დიდი კონკურენციითაც. გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა იყიდა, რომელიც აპირებს, აქაურობა მაინცდამაინც ფიჯის კუნძულებად თუ არა, არც ბევრად ნაკლებად გადააქციოს. ეს ხუმრობით, – ისე კი კუნძულები 3 მილიონ ლარად გაიყიდა, ბიზნესმენი კი აქ 8 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.ჩვენ ვესაუბრეთ ტყიბულელ ამირან ბოჭორიშვილს, რომელმაც ტყიბულის კუნძულებზეც გვიამბო და იმ სევდაზეც, აქაურობის ბედის გამო რომ აწუხებს.
– ბატონო ამირან, არაერთ ტყიბულელს უთქვამს, რომ ტყიბული უფრო დაცლილია, ვიდრე საქართველოს სხვა ქალაქები. არადა, ტყიბული ერთ-ერთი მისტიკური ქალაქია ისტორიითაც და არქიტექტურითაც. მისი დიდი ნაწილი ხომ გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს.
– ჩემი დარდიც ეგ იყო. ბევრი წავიდა ასეთი ლამაზი ტყიბულიდან, სხვაგან უკეთესი საარსებო საშუალება იპოვა და ვერ გავამტყუნებ. თუმცა მე ვერსად წავედი, რადგან ვინც და რაც მიყვარს, ვერ გავექცეოდი, მათი დარდი სულ თან წამომყვებოდა და რა აზრი ჰქონდა წასვლას! ახლა კი უკვე ის ასაკი მაქვს, ჭკუათამყოფელმა ადამიანმა სამშობლოს რომ უნდა მოაშუროს. ახლა სხვაგან სტუმრადაც დიდხანს ვერ ვძლებ. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ბოლო დროს ტყიბულის ქუჩებში ხალხის მომრავლებას მომასწრო. ხანდახან იმასაც შევსწრებივარ, ზოგიერთი ქალაქის ცენტრში მანქანის დასაყენებელ ადგილს რომ ვერ პოულობს და ბრაზობს. ისინი ბრაზობენ, მე კი მიხარია – მეგონა, ტყიბული სულ დაიცლებოდა და გული მისკდებოდა.
– ტყიბულის წყალსაცავის შექმნა და მასში კუნძულების გაჩენა თუ გახსოვთ?
– კი, მახსოვს. ბავშვი ვიყავი და ეგ სურათები ჩემს გონებას არ შორდება. მაშინ ხალხს არავინ არაფერს ეკითხებოდა. ერთ დღეს რამდენიმე საათში აყარეს ის ხალხი, რომელიც წყალსაცავის ადგილას ცხოვრობდა, მაგრამ იქ უფრო მეტი სახნავ-სათესი იყო და ეგ დაკარგა ხალხმა. ყველას ბინები მისცეს, მაგრამ მაინც ყველა ტიროდა, მშობლიური სახლის დატოვება ყველას ემძიმებოდა. ძალიან დიდი ტერიტორიაა წყალში მოქცეული. მაგ ადგილების შევსებას დიდი დრო დასჭირდა. ბავშვები ვუყურებდით, წყლით როგორ ივსებოდა აქაურობა და გვენანებოდა.
– რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, მაგრამ წყალსაცავის მშენებლობა მაინც არ ჩანს ცუდი ჩანაფიქრი, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ მხარეს საკუთარი ელექტროენერგია მისცა.
– რა თქმა უნდა. ტყიბულს რომ გაივლი, ზემოთ, მთებში, შაორის წყალსაცავია. შაორის წყალსაცავის წყალი რომ არ დაკარგულიყო და მეორედ გადამუშავებულიყო, ტყიბულის წყალსაცავი სწორედ მაგიტომ გააკეთეს. ბუნებრივად ძალიან კარგი ადგილია, ვაკე მთებს შორისაა მოქცეული, რომელშიც ბუნებრივი ნალექების წყლებიც იკრიბება. ამის მერე ამ წყალმა ჩვენს მხარეში ისეთი სილამაზე შექმნა, რომელსაც სულ უნდა უცქირო და არ მოგბეზრდება. ჩემს ბიჭობაში განაგრძეთ კითხვა










