როგორ შეიძლება ეს შეაფასო, ეს არის უმძიმესი ტრაგედია ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქესთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელს.
მისივე თქმით, ეს არ არის ქართული მოვლენა – ეს არის გლობალური პანდემია, რომელსაც ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაამარცხებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მატარებელ ჩვენს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქრონიკული დაავადებების მატარებელი ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები არიან მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათზე ვიზრუნოთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვატაროთ პირბადე – პირბადე არ არის შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავზე, პირბადე არის იმის შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ოჯახის წევრებზე და ამიტომ ვთქვი, რომ პირბადის ტარება სოციალური პასუხისმგებლობაა და პატრიოტიზმიც არის იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვებრძვით გლობალურ პანდემიას.
ეს არ არის ქართული მოვლენა ეს არის გლობალური მოვლენა. შეუძლებელია, ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული პანდემიას ვერ დაამარცხებს. ეს არის უაღრესად სამწუხარო, რაც ხდება დღეს მსოფლიოში და სამწუხაროდ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა, ჩვენი პასუხისმგებლობა არის ჩვენს თანამოქალაქეებზე პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა არის საერთო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ციფრები სულ უფრო და უფრო შევამციროთ“, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 238-მდე გაიზარდა.










