უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, მარიუპოლში არსებული ვითარება “ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფაა” უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროიდან და, შესაძლოა, საუკუნის ყველაზე უარესი კატასტროფაც იყოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შმიგალმა აღნიშნა, რომ მარიუპოლი რუსული ძალების მხრიდან მუდმივად იბომბება და ქალაქში ათასობით ადამიანია დაღუპული.
”ჩვენ ვიხილავთ საშინელ სისასტიკეს, როდესაც ის რუსებისგან განთავისუფლდება”, – აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, რუსული ჯარები ანადგურებენ აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის თავშესაფრებს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ვაშინგტონში შეხვდა. შმიგალის განცხადებით, შეხვედრის დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და უკრაინის დახმარების საკითხები განიხილეს.










