ახალი დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილს მშობლებმა ამჯერადაც აჩუქეს ფული – 150 000 ლარი. მისი ხელფასი გასულ წელს 45 104,4 ლარი იყო. წინა დეკლარაცია ღარიბაშვილს 2023 წლის 30 ოქტომბერს აქვს შევსებული, ამ დროიდან, ახალი დეკლარაციის შევსებამდე ყოფილი პრემიერის დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაიზარდა.
ღარიბაშვილს გასულ წელს ოჯახის მოგზაურობა 20 000 დოლარი დაუჯდა, ამ გრაფაში ცალკეა მითითებული მისი შვილის აშშ-ში სასწავლებლად წასვლისთვის დაქირავებული სახელმწიფო თვითმფრინავის ხარჯი:
“ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა, უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: 1) 94 500 ლარი; 2) 15 000 ლარი”.
ხარჯებში ასევე მითითებულია ოჯახის წვეულება, რომელიც 15000 ლარი დაჯდა. ტყით სარგებლობისთვის 2023 წელს – 6255,9 ლარი გადაიხადეს, შვილების სწავლისთვის – 42 908 ლარი.