2020 წლიდან ქუთაისში უმაღლესი ხარისხის ელექტრომობილების წარმოება დაიწყება. დღეს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას ქუთაისში გამოსაშვები ელექტრომობილის მოდელის ნახვა შეეძლო, რომლის დიზაინიც ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შექმნა.
ყოველწლიურად 20 000 ელექტრომობილი გავა ევროპულ ბაზარზე, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის 20 000 იქნება ხელმისაწვდომი.
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის დაგეგმარება სრულდება. სექტემბრის ბოლოს, ძველი აეროპორტის ტერიტორიის ნაწილზე მშენებლობა დაიწყება.
ელექტრომობილების ქარხანას კომპანია „აიპროდაქშენი” აშენებს. როგორც კომპანიის დირექტორი აკაკი მამალაძე აცხადებს, მშენებლობა 2020 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და სწორედ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ ბაზარზე ქართულ ელექტრომობილებს.
ქუთაისის ქარხანაში ელექტრომობილები იმპორტირებული ნაწილებით აეწყობა და ქართულ გზებს სრულად იქნება მორგებული.
გეგმაშია ინდუსტრიული კომპლექსის შექმნა, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად უნდა გადაიქცეს და 3 ათასამდე ადამიანი დაასაქმოს.