ქუთაისი მეცნიერებისა და ინოვაციბის ფესტივალს მასპინძლობს. 19 სექტემბერს 13:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ პარკში სამეცნიერო პიკნიკი მოეწყობა.
ორგანიზატორების ცნობით სამეცნიერო პიკნიკზე კარვები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად სხვა უნივერსიტეტებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, კერძო და საჯარო სკოლებს დაეთმობათ. წარმოდგენილი იქნება საინტერესო ექსპერიმენტები, ინტერაქციული გამოფენები.
ფესტივალის პროგრამის მიხედვით ქუთაისში ასევე დაგეგმილია მრგვალი მაგიდა – „ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები“, რომლის ორგანიზატორიც ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტია. პროგრამის მიხედვით ღონისძიება თამარ მეფის ქ.N 59, ივანე ბერიტაშვილის აუდიტორიაში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
სამეცნიერო ფესტივალის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მკვლევართა მოტივაციის ზრდა, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.