ფურშეტი და 200 დრონის შოუ – ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 650,000 ლარი დაჯდება
ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური და ინოვაციების ჰაბის გახსნა იგეგმება, რომლის ფარგლებში მასშტაბური საპრეზენტაციო ღონისძიების ორგანიზებაც უკვე დაგეგმილია. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია მითითებული.
დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი კომპანია „ვანილა ივენთი“ იქნება, ხოლო მისი ჩატარება 2026 წლის 31 მაისამდე იგეგმება. ღონისძიება გათვლილია დაახლოებით 400 სტუმარზე და მოიცავს სრულყოფილ შოუ-პროგრამას, რომელიც ერთსაათიან ფორმატში გაიმართება.
შესყიდვის პირობების თანახმად, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ღონისძიების სრული კონცეფციისა და ნარატივის შექმნა, ვიდეორგოლების გადაღება და პოსტპროდაქშენი, სპიკერების გამოსვლების მომზადება, ასევე ტექნიკური და ვიზუალური რეჟისურა. ღონისძიება გაიმართება საკომუნიკაციო იდეის ფარგლებში – „საქართველო = ტექნოლოგიური შესაძლებლობების ახალი გზაჯვარედინი“.
არსებული მონაცემებით, ყოფილი პარლამენტის შენობის რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ბიუჯეტიდან 22 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
ამ ეტაპზე უკვე გაფორმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტრაქტი, მათ შორის:
- შენობის I და II სართულების სარემონტო-სარეკონსტრუქციო და საინჟინრო სამუშაოები — 9.3 მილიონ ლარზე მეტი;
- აუზისა და სახურავის ჰიდროსაიზოლაციო და გუმბათის თბოსაიზოლაციო სამუშაოები — დაახლოებით 5.7 მილიონი ლარი;
- ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმისთვის ექსპონატები — 2.3 მილიონ ლარზე მეტი;
- გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა — ჯამში დაახლოებით 3.6 მილიონი ლარი;
- ტექნოლოგიური ჰაბისთვის ავეჯის შესყიდვა — თითქმის 1 მილიონი ლარი.
ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსდა, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რამდენ სტუდენტს, სტარტაპს ან სხვა ბენეფიციარს მოემსახურება ის წლიურად.
პროექტის განხორციელების შემდეგ, ხელისუფლება ქუთაისს რეგიონულ ტექნოლოგიურ ცენტრად პოზიციონირებას გეგმავს, თუმცა კონკრეტული შედეგებისა და მასშტაბების შესახებ დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტებას საჭიროებს.










