ქუთაისში სამხარეო პოლიციის შენობის გვერდით, ცხინვალის ქუჩაზე მაღაზია “ფემილი” გატეხეს. როგორც სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, დაუდგენელმა პირებმა მაღაზიიდან სალაროს უჯრა წაიღეს, სადაც, სავარაუდოდ, ფული ინახებოდა.
როგორც მაღაზიის თანამშრომლრები ამბობენ, მძარცველებმა მაღაზიის კარის მინები ქვებით ჩაამსხვიეს და ობიექტში ასე შეაღწიეს.
“დილით როცა მოვედით, მინები ჩამსხვრეული, შიდა ტერიტორია კი დარბეული დაგხვდა, სალაროს უჯრაა წაღებული, თავს დაუცველად ვგრძნობთ, ყოველ საღამოს შიში გვაქვს, რომ მორიგია მაღაზია არ გაგვიქურდონ”,– განაცხადა მენეჯერმა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მაღაზიიდან კამერების ჩანაწერები ამოიღეს.
ქუთაისში, პოლიციის შენობის მიმდებარედ მაღაზიის გაქურდვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე კვირის წინ ქალაქის პოლიციის მეხუთე განყოფილების გვერდით ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს.