“ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 429 ნიმუში ავიღეთ, საიდანაც 104 კოვიდინფიცირებული დაგვემატა” – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით გამოვლენილი შემთხვევებიდან 68 ქუთაისში დაფიქსირდა.
“სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ არ არის საგანგაშო, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ვაკონტროლებთ მდგომარეობას. კონტაქტების ნაწილი იმყოფება თვითიზოლაციაში, ნაწილი კი კარანტინში. ახალი დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა ძველი ინფიცირებულების კონტაქტებია.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთის გუბერნატორის თქმით გაიზარდა სკოლების რაოდენობა, სადაც კორონავირუსი დადასტურდა:
“სამწუხაროდ კიდევ დაგვემატა რამდენიმე სკოლა, სადაც გვყავს ინფიცირებული არა მარტო ბავშვები, არამედ მასწავლებლებიც და ასევე არიან ინფიცირებული ბაღის აღსაზრდელებშიც. ჯამში 18-მდე სკოლაა სადაც დაგვიფიქსირდა ვირუსი, აქედან უმეტესობა არიან ბავშვები და შესაბამისად სკოლები მთლიანად არ გადასულა ონლაინ რეჟიმზე, გადასულია მხოლოდ მათი საკლასო ოთახები. სულ რამდენიმე სკოლაა რომელიც მთლიანად გადავიყვანეთ დისტანციურ სწავლებაზე, იქიდან გამომდინარე რომ რამდენიმე შემთხვევა უკავშირდება მასწავლებლებს და მათ სხვადახვა კლასთან ჰქონდათ შეხება.” – ამბობს ზვიად შალამბერიძე.
იმერეთის გუბერნატორის თქმით იმერეთის კლინიკებში მკურნალობას დაახლოებით 530 ადამიანი გადის, 200-მდე ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროებში და 2 800 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში