გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალი ხელმძღვანელმა ბექა ბარბაქაძემ თანამდებობა დატოვა. ბარბაქაძე ამის შესახებ საზოგადოებას ფეისბუ პოსტის მეშვეობით ამცნო. მან თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის:
?”24/7 ქუთაისი❣️❣️❣️
დავასრულე პროფესიული საქმიანობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელის პოზიციაზე. გასული სამი წლის განმავლობაში ეს ქალაქი იყო ჩემი სახლი, სამსახური კი ადგილი, სადაც უმნიშვნელოვანესი გამოწვევები მელოდა, ყოველი დღე იყო ახალი შემართებით აღსავსე საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც ქუთაისის 24 საათიან წყალმომარაგებას ითვალისწინებდა. თითოეული თანამშრომლის დაუღალავი შრომის, ბევრი უძილო ღამისა და მონდომების შედეგად მიზანს მივაღწიეთ. 200 000 ადამიანზე მეტს უწყლობით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდა და მოსახლეობა სტაბილურ წყალმომარაგებაზე გადავიდა. ქუთაისმა ჩამოიშორა „ავზების ქალაქის“ სახელი. ამ ყველაფრის განხორციელება წარმოუდგენელი იყო იმ პროფესიონალთა გარეშე, რომლებიც ქუთაისის ოფისში დამხვდნენ და რომლებიც შემდეგ შემოგვიერთდნენ. მადლობას გიხდით თითოეულ თანამშრომელს გუნდური მუშაობისთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის 24 საათიან რეჟიმში შრომისთვის. მადლობა სითბოსთვის, სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის. ქუთაისში პროფესიული საქმიანობის სამი წელი ჩემს კარიერაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მუდამ. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც მენდნენ და შესაძლებლობა მომცეს ჩემი წვლილი შემეტანა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.”-წერს ბარბაქაძე.