ქუთაისის ცენტრალურ ბულვაში საპირფარეშო ამუშავდა. საპირფარეშოთი სარგებლობა მომხმარებლებს 30 თეთრად შეუძლიათ. როგორც ადგილზე დასაქმებულმა გვითხრა საპირფარეშო თითქმის ორი კვირაა ფუნქციონირებს და მომხმარებლებიც საკმაოდ ჰყავს.
„საპირფარეშო გახსნილია, თუმცა ამ ეტაპზე მერია განკარგავს“- ამის შესახებ მეგა ტვ-ს ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მირზა მამასახლისმა განუცხადა „აუქციონი საპირფარეშოს გასხვისებასთან დაკავშირებით დასრულდა, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო . ინტერესი არის ასე რომ აუქციონი შეიძლება კიდევ ერთხელ გამოცხადდეს ან სხვა ფორმით განიკარგოს ქონება, მთავარია რომ საპირფარეშო ფუნქციონირებს და ამ კუთხით პრობლემა არ არსებობს . დაახლოებით 20 დღეში გვეცოდინება ზუსტად თუ რა გადაწყდება“- განაცხადა მამასახლისმა.
ახალი საპირფარეშოს მოწყობა, რომელსაც ქუთაისლები უკვე წლებია ითხოვენ ქალაქის მერიას 60 000 ლარი დაუჯდა. მოეწყო სამი იზოლირებული წერტილი, ერთი შშმ პირებისთვის. დაყენებულია სამეთვალყურეო კამერებიც. რეაბილიტაცია თვეების წინ დასრულდა, თუმცა მერიამ შენობის გაიჯარების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რამაც მისი გახსნა გადაავადა.










