ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, აპრილში დამთავრდება და საზეიმოდ, ორმაისობის დღესასწაულზე გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ციბაძემ განცხადა.
“ჩვენ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებთან მიმართებაში არანაირი გამოწვევა არ გვაქვს, რომ გვირილობისთვის ყველაფერი მზად იყოს. სადრენაჟე სისტემა, ირიგაციის სისტემა, ყველა კომუნიკაცია, კანალიზაცია და ა.შ – ეს სამუშაოები ყველაფერი დასრულებულია. ერთადერთი, დარჩენილია მოპირკეთების სამუშაოები, რომლის ყველა მასალა ადგილზეა და ამ მხრივ არანაირი გამოწვევა არ გვაქვს”,- განმარტა გიორგი ციბაძემ.
მისი თქმით, ადგილზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
“ქუთაისის ცენტრალური პარკი საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა აღდგენას. ამორტიზებული და დაზიანებული იყო საფეხმავლო ბილიკები, პარკის ფურნიტურა და განათების ბოძები. პარკში, ფაქტობრივად, არ არსებობდა სარწყავი და სადრენაჟე სისტემა, რის გამოც წყალი გროვდებოდა კონკრეტულ მონაკვეთებში და იწვევდა არსებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ფილებისა დაზიანებას
რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა პარკის არსებული მდგომარეობის სრულყოფილ შესწავლას. ამისათვის, ჩატარდა ტაქსაცია და სრულად აღინუსხა პარკში არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები. პარკის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია დენდროლოგი და პროექტი ხორციელდება მისი რეკომენდაციების სრული დაცვით. პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ახალი ხე-მცენარეების დამატებაცპროექტის ფარგლებში, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“, ხოლო ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა. პარკში მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება სფეხმავლო ბილიკები და რეაბილიტირდება არსებული საზოგადობრივი საპირფარეშოპროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14.9 მილიონი ლარით ფინანსდება” – ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის მარტში დაიწყო. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სამუშაოებს კი – შპს “დაგი”.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში.
ქუთაისის ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.
როგორი იქნება განახლებული ბულვარი რეაბილიტაციის შემდეგ, ნახეთ აქ.











